ირაკლი კობახიძის თქმით, "ოპოზიცია და „მდიდარი ენჯეოები“ ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას"

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თბილისში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას და „მდიდარ ენჯეოებს“ აკისრებს. ის ამბობს, რომ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც ძალადობას უწევდნენ ორგანიზებას.“ ირაკლი კობახიძემ მთავრობის კანცელარიაში 3 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის ფლობს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ, „სავარაუდოდ, მდიდარი NGO-ების დაფინანსებული იყო მთელი რიგი აქტივობები, მათ შორის სპეციალური აღჭურვილობის შეძენა.“

„ვწუხვართ თითოეული დაშავებული პოლიციელის, მომიტინგისა და ჟურნალისტის გამო. პასუხისმგებლობას ამ დღეებში განვითარებულ მოვლენებზე, რა თქმა უნდა, ვერ გაექცევიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც ამ ძალადობას აორგანიზებდნენ, მაგრამ თავად ოფისებში იმალებოდნენ. ასევე, შეგახსენებთ, რომ ამ დღეების განმავლობაში ოფისებში იმალებოდნენ მდიდარი „ენჯეოების“ ლიდერებიც, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ძალადობრივი ღონისძიებების მხარდაჭერაში.


გვაქვს ინფორმაცია, რომ, სავარაუდოდ, დაფინანსებული იყო მთელი რიგი აქტივობები, მათ შორის სპეციალური აღჭურვილობის შეძენა მდიდარი „ენჯეოების“ მიერ. რა თქმა უნდა, ოფისებში შემალული მდიდარი „ენჯეოები“ ლიდერებიც ვერ გაექცევიან კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას შესაბამისი მტკიცებულების არსებობის შემთხვევაში. მაგრამ ამ ფაქტზე კიდევ ერთხელ მინდა ყურადღება გავამახვილო - ოპოზიციის ლიდერები და მათი „ენჯეოების“ ლიდერები იყვნენ ოფისებში შემალულები ამ დღეების განმავლობაში, თუმცა პასუხისმგებლობა პასუხისმგებლობაა და ეს პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა დადგეს კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად.


ამ ადამიანებმა პოლიტიკოსებმა და „ენჯეოებმა“ გაწირეს ათობით ადამიანი ჯანმრთელობის დაზიანებისთვის და სისხლის სამართლის სასჯელისთვის. არიან ადამიანები, ძალადობრივი დაჯგუფების წევრები, რომელთაც რამდენიმე წლიანი სისხლის სამართლის სასჯელი ემუქრებათ. ესეც შესაბამისი პოლიტიკოსების და პოლიტიკანების პასუხისმგებლობაა. ამ ადამიანებმა ამ დღეების განმავლობაში იკადრეს აბსოლუტურად ყველაფერი - უკადრებელი, მათ შორის გადასწვდნენ ბავშვებს, ხედავდით, რა ხდებოდა ამ დღეების განმავლობაში. ამ კამპანიაში პირდაპირ იყვნენ ჩართულები როგორც რადიკალი პოლიტიკოსები, ისე მათი მედია საშუალებები, სალომე ზურაბიშვილი - რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი. რასაც ამ დღეების განმავლობაში ბავშვებთან მიმართებით ვხედავდით, ეს, უბრალოდ, ამორალურია,“ - განაცხადა კობახიძემ.


„ყველაფერი მიდის ისე, როგორც ჭირდება ჩვენს ქვეყანას, 20 იანვრამდე მივალთ მშვიდად,“ აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.